მათთვის, ვინც გადაწყვიტა, რომ მოგზაურობა სჭირდება და ცხოვრებაში ახალი აღმოჩენების დროა, Airbnb-ს სერიოზული შემოთავაზება აქვს.

იტალიის სამხრეთით მდებარე პატარა პროვინცია გროტოლი 3 თვით ოთხ ახალ მოსახლეს უფასოდ მიიღებს.

Airbnb-ის შეთავაზება მსურველებს საშუალებას მისცემს გამოსცადონ, როგორ ცხოვრობენ იტალიელები, დააგემოვნონ ადგილობრივი კერძები და ისწავლონ მათი მომზადება. ოთხი იღბლიანი გაიღრმავებს ცოდნა იტალიურ ენაში. კი, მათ ამ ყველაფერში ფულს გადაუხდიან.

გროტოლი

ფოტო: Airbnb

უამრავი მოგზაურისთვის საოცნებო პროექტს კომპანია ადგილობრივ არასამთავრობოსთან, Wonder Grottole-სთან ერთად ახორციელებს. მთებში აშენებული პროვინცია სახელგანთქმულია თიხის ჭურჭლის წარმოებით. იქ არის გამოქვაბულები, სადაც ადამიანები ჯერ კიდევ პალეოლითის ხანაში ცხოვრობდნენ.

ამ დროისთვის, ისტორიულ ცენტრში 600-ზე მეტი ცარიელი სახლია და იქ მოსახლეობის რაოდენობა დღეისთვის 300-ს არ აღემატება. გროტოლის უკაცრიელ ადგილად ქცევის საფრთხე უდგას.

სოფლის გამოსაცოცხლებლად ჩასული ადამიანები გროტოლიში მთელი ზაფხულის განმავლობაში იცხოვრებენ, მანამდე კი მათ ერთთვიანი ტრენინგი ჩაუტარდებათ, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივების ცხოვრების სტილს ისწავლიან და მათთან დროს გაატარებენ. შერჩეულთა მოვალეობებში იქნება სოფლის მეურნეობაში ჩართვა, ბოსტნეულის მოყვანა, სკიდან თაფლის აღება, ზეითუნის ზეთის წარმოება და რა თქმა უნდა, პასტის კეთება. ისინი იქნებიან სხვა სტუმრების მასპინძლებიც და ასწავლიან, რაც თავად ისწავლეს.

“გროტოლიში ჩამოსულები წყნარი ცხოვრებით იცხოვრებენ, ეს მშვიდი ადგილია, სადაც ცხოვრება ნელა მიედინება. აქ არაა სატრანსპორტო მოძრაობა და ქაოსი. აქ დაგხვდებათ სუფთა, დაუბინძურებელი გარემო, კარგი კერძებითა და მეგობრული ხალხით”, – ამბობს ადგილობრივი ვინჩენცო.

ასე რომ, ეს არაჩვეულებრივი შანსია მათთვის, ვინც ცხოვრებაში ახალ გამოცდილებას ეძებს, თუმცა გარანტია არ არსებობს, რომ ამ იღბლიან ადამიანებს ოდესმე იტალიიდან უკან დაბრუნება მოუნდებათ.