ჯეიმს ჰარისონი 81 წლის ავსტრალიელი მოხალისეა, რომელსაც ოქროს მკლავის მქონე კაცსაც უწოდებენ. ის 60 წლის განმავლობაში, თითქმის ყოველკვირეულად აბარებდა სისხლს და ამ დროის განმავლობაში 2,4 მილიონზე მეტი ავსტრალიელი ბავშვის სიცოცხლე იხსნა.

ავსტრალიის სისხლის ბანკის ცნობით, 81 წლის კაცის სისხლს დაავადებებთან მებრძოლი უნიკალური ანტისხეულები აქვს, რომელსაც Anti-D ინექციის შესაქმნელად იყენებდნენ.

დაავადებას, რომლის წინააღმდეგ საბრძოლველადაც ჰარისონის სისხლს იყენებდნენ, ორსული ქალის სისხლში ვითარდება, რომლის დროსაც ის ჩანასახის სისხლის უჯრედებზე მოქმედებს.

მდგომარეობის რისკი მაშინ დგება, როცა ქალს რეზუს-უარყოფითი სისხლის ჯგუფი აქვს და მის საშვილოსნოში მყოფ ბავშვს მამისგან გადაცემული — რეზუს-დადებითი. ორსულობისას დედის სისხლში შეიძლება წარმოიქმნას ანტისხეულები, რომლებიც ჩანასახის “უცხო” სისხლის ჯგუფს ანადგურებენ. ავსტრალიაში დედების 17% დგას ამ საფრთხის წინაშე.

ყველაზე ცუდ შემთხვევაში, მისი შედეგია ბავშვის სიკვდილი ან მისი ტვინის დაზიანება.

ჰარისონმა სისხლის გაცემა მას შემდეგ დაიწყო, როცა 14 წლის ასაკში გულმკერდზე მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი სიცოცხლე სწორედ მოხალისეების სისხლმა იხსნა.

რამდენიმე წლის შემდეგ, ექიმებმა მისი სისხლის უნიკალურობა აღმოაჩინეს. ჰარისონმა დაახლოებით 18-20 წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ დონორი გამხდარიყო და სამყაროსთვის მადლიერება ასე გადაეხადა.

ჯეიმს ჰარისონი — კაცი ოქროს მკლავით.

ფოტო: Australian Red Cross Blood Service

ექიმებმა ზუსტად არ იციან, რა პირობებმა იმოქმედა ჰარისონის სისხლზე, თუმცა, მის იშვიათობას 14 წლის ასაკში მიღებულ გადასხმებს უკავშირებენ. ავსტრალიაში ასეთი უნიკალური სისხლის მქონე სულ 50 ადამიანი ცხოვრობს.

“ჩვენთვის სისხლის ნებისმიერი შემოწირულობა უმნიშვნელოვანესია, თუმცა, ჯეიმსის სისხლი უბრალოდ საოცრებაა. მისით შექმნილმა სამკურნალო საშუალებამ უამარვი ადამიანის სიცოცხლე იხსნა”, – ამბობს ავსტრალიის სისხლის ბანკის წარმომადგენელი ჯემა ფალკენმაირი.

ავსტრალიის ოფიციალური პირების თქმით, ჰარისონის უნიკალური სისხლისა და მისი უანგარო დონორობით სიტუაცია შეიცვალა:

“ავსტრალიაში ყოველწლიურად ათასობით ბავშვი იღუპებოდა და ექიმები ვერ ხვდებოდნენ, რატომ. ეს საშინელება იყო. ბავშვები ან იღუპებოდნენ, ან ტვინის დაზიანებით იბადებოდნენ. ავსტრალია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ჰარისონის სახით უნიკალური სისხლის მქონე დონორი იპოვა. მან კი, მედიცინაში რევოლუცია მოახდინა”.

ჰარისონის სისხლით შემუშავებული Anti-D ვაქცინა მის შვილსაც დასჭირდა.

“ამ შედეგით, ჩემი მეორე შვილიშვილი ჯანმრთელი დაიბადა. ის რომ ადამიანებს გადარჩენაში ეხმარები, თავს კარგად გაგრძნობინებს”, – ამბობს ჰარისონი.

ჯეიმსმა უამრავი ჯილდო მიიღო და ავსტრალიის ეროვნული გმირის წოდებაზეც მოიაზრება.

“ეს ერთადერთი გამორჩეული რამაა, რისი გაკეთებაც შემიძლია. მე მეტი ნიჭი არ გამაჩნია. მე მხოლოდ სისხლის დონორი შემიძლია ვიყო”, – დასძენს ის.

ავსტრალიაში სისხლის დონორობა ადამიანებს 81 წლამდე შეუძლიათ, რის გამოც, 2018 წლის ბოლოს, 81 წლის ჯორჯ ჰარისონს მოხალისეობაზე უარის თქმა მოუწია. ავსტრალიის სისხლის ბანკი იმედოვნებს, რომ ის ადამიანები, რომლებსაც მის მსგავსად უნიკალური ანტისხეულების მქონე სისხლი აქვს, ქვეყანასა და მედიცინას მისი დანაკლისის შევსებაში დაეხმარებიან.