ჰავაიში, მაუნა ლოას ვულკანზე საინტერესო კოსმოსური პროექტი მიმდინარეობს. 19 იანვარს მისია HI-SEAS ფარგლებში მარსის სიმულაციის პროგრამა დაიწყო, რომელშიც ექვსი ასტრონავტი მონაწილეობს. HI-SEAS იშიფრება, როგორც – Hawai’s Space Exploration Analog and Simulation (ჰავაის კოსმოსური კვლევის ანალოგი და სიმულაცია).

შემდგომი რვა თვის განმავლობაში ეკიპაჟის წევრები პლანეტა მარსის მსგავს გარემოში იცხოვრებენ. მათი კომუნიკაცია გარე სამყაროსთან 20 წუთით დაყოვნდება, რადგან მარსიდან დედამიწამდე სიგნალის მოსვლას სწორედ ამდენი ხანი სჭირდება.

პირობები მაქსიმალურადაა მიახლოებული კოსმოსში ცხოვრებასთან. ეკიპაჟის ყოველდღიური რაციონი არამალფუჭებადი ინგრედიენტებითაა დაკომპლექტებული. წყლითა და საკვებით მომარაგება 6 კვირაში ერთხელ განხორციელდება. ასტრონავტები სამეცნიერო კვლევებში მიიღებენ მონაწილეობას, გარეთ კი მხოლოდ სკაფანდრებით გავლენ.

მისიის გუნდის წევრთა თქმით, ჰავაის მაუნა ლოაზე უნიკალური გარემოა ასეთი სიმულაციებისათვის.

“ეს საუკეთესო ადგილია კვლევის ჩასატარებლად: გარემო ძალიან ჰგავს მარსს, რაც ჰავაის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზებითაც დასტურდება”, – ამბობს კიმ ბინსტედი, HI-SEAS-ის მთავარი გამომძიებელი და პროფესორი ჰავაის უნივერსიტეტში.

ეს მისიის მეხუთე ნაწილია. ნასა პროგრამის მეექვსე ნაკადსაც დააფინანსებს 2018 წლისთვის. მსგავს სიმულაციებს შეგვიძლია ასევე მივაკუთვნოთ ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მისია Mars500 და კონკორდიას კვლევითი სადგურის პროგრამა ანტარქტიდაზე.