ამინდის პროგნოზის ჩინელი ტელეწამყვანი 22 წელია ჩინეთის მოსახლეობას ეკრანებიდან ესაუბრება, თუმცა უკვე დიდი ხანია მას აღარავინ უსმენს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ წამყვანი იანგ დანი (Yang Dan) გამოჩენის დღიდან ვიზუალურად არ შეცვლილა. დიახ, ერთი ნაოჭიც კი არ გაჩენია.

შესაძლოა ჩვენს ირგვლივაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ასაკის მატების მიუხედავად, ახალგაზრდულ იერს ინარჩუნებენ, თუმცა ეს სულ სხვა შემთხვევაა. იანგ დანი ფაქტობრივად არ შეცვლილა, რაოდენ საოცარიც უნდა იყოს. წარმოიდგინეთ, იანგ დანი ჩინურ არხზე 22 წლის ასაკში გამოჩნდა და მას შემდეგ სამყაროში უამრავი რამ შეიცვალა – ადამიანის ცოდნა კოსმოსის შესახებ გამდიდრდა, საქართველოში მოხდა ვარდების რევოლუცია და რვა წლის შემდეგ შეიცვალა მთავრობა, ამერიკის მართვა სამმა პრეზიდენტმა მოასწრო, ილონ მასკმა დაარსა PayPal, Tesla და SpaceX, კოსმოსში გაუშვა მისივე შექმნილი მანქანა და ამასობაში – იანგ დანი ოდნავადაც არ შეცვლილა.

საოცარია, არა?! – ინტერნეტ მოხმარებლებიც ასე ფიქრობენ. ჩინელი ტელეწამყვანის ვიდეო მთელ მსოფლიოში გავირუსდა და მასზე ყველა ლაპარაკობს. ფაქტობრივად ყველამ, ვინც ვიდეო ნახა, გაოცება ვერაფრით დამალა.

ვიღაცები წერდნენ, რომ იანგ დანი “უბერებელი ქალღმერთია” და მისი საიდუმლო ღვთიურ წარმომავლობაში უნდა ვეძებოთ. ზოგიერთები იმასაც კი ვარაუდობენ, რომ ამინდის პროგნოზის ყველა კადრი ერთ დღესაა ჩაწერილი. აბა, სხვანაირად როგორ უნდა აიხსნას ეს ყველაფერი?

იქნებ მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო სულაც მის სახელშია?