დედამიწაზე ყოველდღიურად ადამიანები თითს უამრავ ღილაკს აჭერენ, იქნება ეს ყავის აპარატები, ტელევიზორის “პულტები”, თუ სოციალურ ქსელში არსებული მოწონებისა და გაზიარების ღილაკები. უკვე შვიდი წელია, რაც რეიჩელ პლოტნიკი ცდილობს გაარკვიოს, თუ საიდან მოვიდნენ ღილაკები და რა სურთ მათ.

მის უკანასკნელ წიგნში, რომელსაც Power Button: A History of Pleasure, Panic and the Politics of Pushing ეწოდება, პლოტნიკი განიხილავს, თუ რატომ ვცხოვრობთ ადამიანები ღილაკებით გარემოცულ სამყაროში. ავტორის თქმით, წიგნის წერისას მან აღმოაჩინა ხუთი ძირითადი მიზეზი, რომლის გამოც ადამიანებს ღილაკები ან უყვართ, ან არ უყვართ.

1. ღილაკების გამოყენება არც ისეთი ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს

ფოტო: SMP / Videoblocks

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში კომპანია Kodak-მა ღილაკების, როგორც ფოტოების მარტივად გადაღების მეთოდის პოპულარიზაცია დაიწყო.

“თქვენ აჭერთ ღილაკს, დანარჩენი კი ჩვენზეა”, ნათქვამი იყო კომპანიის სლოგანში. სამოყვარულო ფოტოგრაფიის განვითარებაში აღნიშნულმა კამპანიამ დიდი როლი ითამაშა.

ჩვენს გარშემო “რთული” ღილაკების მრავალ მაგალითსაც ვხვდებით. ალბათ ხშირად მოხვედრილხართ ისეთ ლიფტში, რომელშიც კარების დახურვის ღილაკი არ გემორჩილებათ. იგივე ვრცელდება შუქნიშანზე დამაგრებულ ღილაკებზეც. ხოლო თუ ოდესმე ტელევიზორის ე.წ. უნივერსალური “პულტის” დაპროგრამება გიცდიათ, ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ეს ურთულესი პროცედურაა.

ახლა კი წარმოიდგინეთ, თუ რამდენ ღილაკთან უწევთ შეხება, მაგალითად, პილოტებს. ჩვენ ხშირად დრო გვჭირდება, რათა ვისწავლოთ, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ესა თუ ის ღილაკი.

2. ღილაკები და კონსუმერიზმი

ფოტო: The Verge

პირველად ღილაკები სავაჭრო აპარატებზე გამოჩნდა. მე-20 საუკუნეში კი მწარმოებლები და დისტრიბუტორები ცდილობდნენ მომხმარებლები დაერწმუნებინათ, რომ მათი ყოველი სურვილის ასრულება ღილაკზე ერთი თითის დაჭერით შეიძლებოდა. დღესაც კი, ღილაკები კონსუმერიზმის ერთ-ერთი გამოვლინებაა, იქნება ეს სავაჭრო ავტომატები, აპლიკაციები თუ რაიმე სხვა.

ამის კარგი მაგალითი Amazon Dash-ია. ეს სხვადასხვა პროდუქტის სახელობის პატარა ღილაკებია, რომელზე მიჭერითაც აღნიშნულ პროდუქტს ამაზონიდან ავტომატურად ყიდულობთ, მაგალითად, საპონს, ან ხელსახოცს.

3. ღილაკებს ხშირად ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ აჭერენ

პლოტნიკის თქმით, ადამიანებს ხშირად ეშინიათ, რომ ღილაკები არასწორი ადამიანების ხელში ჩავარდება, ან ბოროტად იქნება გამოყენებული. მაგალითად, ბავშვებს ღილაკები უყვართ და ისინი მუდმივად ცდილობენ, რომ მათ თითები დააჭირონ. ამის კარგი მაგალითი მანქანის ხმოვანი სიგნალია.

ღილაკები ხშირად მიმზიდველად გამოიყურება ხოლმე და მათზე დაჭერის სურვილი ზრდასრულ ადამიანებსაც ხშირად გვიჩნდება.

4. საშიში ღილაკების უმეტესობა არ არსებობს

ფოტო: Shutterstock

ღილაკებთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შიში ომსა და იარაღებს ეხება, არსებობს თუ არა ღილაკი, რომელსაც დედამიწის განადგურება შეუძლია?

ეს საკითხი სათავეს ცივი ომის პერიოდიდან იწყებს, რეალურად, მსგავსი ღილაკი არ არსებობს, თუმცა ეს იდეა კარგად წარმოაჩენს, თუ როგორ აღიქვამს საზოგადოება ღილაკებს. წითელი ღილაკები, რომლებსაც ქვეყნებისა და კონტინენტების, ან სულაც დედამიწის განადგურება შეუძლია, ხშირად გვხვდება ფილმებსა და პოპულარულ კულტურაში.

ღილაკები მსოფლიო გეოპოლიტიკაშიც მონაწილეობენ. 2018 წელს დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს განუცხადა, რომ ბირთვული ღილაკი მასაც აქვს, თანაც უფრო დიდი და ძლიერი.

5. ბოლო საუკუნის განმავლობაში, ბევრი არაფერი შეცვლილა

პლოტნიკმა წიგნის დასრულების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ღილაკებთან დაკავშირებით ბოლო საუკუნის განმავლობაში ბევრი რამ არ შეცვლილა. ადამიანები მუდმივად მსჯელობენ, ხდის თუ არა ღილაკები ჩვენს ცხოვრებას უფრო მარტივს, ან რთულს, ან სასიამოვნოს. მიუხედავად ამისა, ღილაკები ჩვენი ცხოვრების ყოველ ნაბიჯზე გვხვდება, იქნება ეს სმარტფონები, კომპიუტერები, ავტოფარეხები, თუ ნებისმიერი სხვა რამ.

პლოტნიკის თქმით, თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში გავაანალიზებთ, ვის აქვს წვდომა ღილაკებზე და რა შედეგებს შეიძლება იწვევდეს ამა თუ იმ ღილაკზე თითის დაჭერა, ჩვენ მათ მნიშვნელობასა და როლს უკეთ გავიგებთ.