როგორც აღმოჩნდა, ჩვენს სამყაროში გალაქტიკების რაოდენობა იმაზე 20-ჯერ მეტია, ვიდრე მეცნიერებს აქამდე ეგონათ და ეს რიცხვი წარმოუდგენლად დიდია – 2 ტრილიონი გალაქტიკა!

ეს აღმოჩენა ჰაბლის ტელესკოპის მიერ, 20 წლის მანძილზე, ღრმა კოსმოსისთვის გადაღებული ფოტოების 3D ანალიზის შედეგია.

“რამდენი გალაქტიკაა სამყაროში?!” – ეს კითხვა ასტრონომებს მას მერე აწუხებთ, რაც 1924 წელს, ამერიკელმა ასტრონომმა, ედვინ ჰაბლმა დაამტკიცა, რომ ანდრომედას ნისლეული ცალკე გალაქტიკაა და არა ირმის ნახტომის ნაწილი. მას მერე მეცნიერები ცდილობენ ამ კითხვას უპასუხონ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს საქმე სულ არ ყოფილა მარტივი – თანამედროვე ტექნოლოგიებითაც კი, დაკვირვებადი სამყაროს შემადგენელი გალაქტიკების მხოლოდ 10%-ს შეგვიძლია დავაკვირდეთ და ფოტო გადავუღოთ.

ჰაბლის პროექტის მიერ 20 წლის მანძილზე დაგროვილი ფოტოების მათემატიკური ანალიზით და მოდელირებით, ნოტინგემის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ სამყაროში იმაზე ბევრად დიდი რაოდენობის გალაქტიკაა, ვიდრე აქამდე გვეგონა.

უახლესი მათემატიკური მოდელირების მეშვეობით, მეცნიერებმა შეძლეს იმ გალაქტიკების მიახლოებით რაოდენობის დადგენა, რომლებსაც ჩვენი ტელესკოპები “ვერ სწვდებიან”, ძალიან შორს არიან, ან ძალიან სუსტად ანათებენ. ჯამში 2 ტრილიონი გალაქტიკა მივიღეთ!

კვლევაში ასევე ნათქვამია:

“როდესაც სამყარო მხოლოდ რამდენიმე მილიარდი წლის იყო, სივრცის რაიმე კონკრეტულ მოცულობაში იმაზე 10-ჯერ მეტი გალაქტიკა იყო, ვიდრე დღეს ვხედავთ. როგორც ჩანს, გალაქტიკების რაოდენობის შემცირება ასეთი სიახლოვის გამო მათმა “შეჯახებებმა” და გაერთიანებებმა გამოიწვია.”