ვისაც მჭადის სამშობლო იმერეთი გეგონათ, ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელებულმა ვიდეომ, შესაძლოა, საგონებელში ჩაგაგდოთ.

საქმე ის არის, რომ მჭადს ვენესუელაში ტყუპისცალი ჰყავს, რომელიც შორეული, ქართველი ძმასავით გემრიელად და მადისაღმძვრელად გამოიყურება.

ვიდეოს ნახვის შემდეგ, ცილს ნუ დასწამებთ და ნუ იტყვით, რომ რეცეპტი ჩვენგან მოიპარესო, რადგან ფაქტია – სიმინდი რა ხილია, ვენესუელაში ჩვენზე გაცილებით ადრე იცოდნენ.

მართალია, გამოცხობამდე, ჩვენ ფქვილს ვასხამთ წყალს, ვენესუელაში კი პირიქით, წყალში ყრიან ფქვილს, თუმცა დანარჩენში უსიტყვოდ შევთანხმებულვართ და ქართველიცა და ვენესუელელიც ვფიქრობთ, რომ მჭადი დღის ნებისმიერ მონაკვეთში კარგი საჭმელია – საუზმეზეც, სადილზეც და ვახშამზეც.