საქართველოში ფაქტობრივად, ყოველ მე-2 ადამიანს საფინანსო სექტორის ვალი აქვს, ხოლო ყოველი მეათე მოქალაქე ვადაგადაცილებაშია. ამაზე მოწმობს „კრედიტინფო საქართველოს“ ბოლო, 2026 წლის მარტის სტატისტიკური მონაცემები.
ამავე მონაცემების მიხედვით, კრედიტებზე ვადაგადაცილება მოსახლეობის 10.1%-ს უფიქსირდება.
უფრო კონკრეტულად, 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 984 700 მოქალაქეს აქვს, აქედან 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება უფიქსირდება 372 477 პირს. ეს კი მაშინ, როდესაც “საქსტატის” ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა 3 704 506-ს შეადგენს.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში იმ ფიზიკური პირების რაოდენობა, რომელთაც სესხზე 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება უფიქსირდებათ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 7068-ით გაიზარდა, ხოლო ერთი თვის განმავლობაში 1182 პირით შემცირდა.
უფრო კონკრეტულად, თუ „კრედიტინფოს“ 2026 წლის მარტის მონაცემებით, „შავ სიაში“ 372 477 პირი იყო, თებერვლის ბოლოს ეს მაჩვენებელი – 373 659 იყო, ხოლო 2025 წლის მარტის მდგომარეობით იმ პირების რიცხვი, რომელთაც 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება უფიქსირდებოდათ კრედიტზე – 365 409-ს შეადგენდა.
ამასთან, 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მსესხებლებიდან, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან, 101 026 – კომერციული ბანკების კლიენტია, 301 330 პირი – სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი); 4 548 კი – ყველა სხვა ტიპის ორგანიზაციის კრედიტორია. ეს ორგანიზაციებია: სამშენებლო კომპანია, დისტრიბუტორი, სალიზინგო კომპანია და ა.შ.
რაც შეეხება ვადაგადაცილებული სესხების დარჩენილ ჯამურ ვალდებულებას, 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით, კრედიტინფოს მონაცემებით, ნაშთი 2.933 მლრდ ლარს აღწევს, რაც საფინანსო სექტორის მიერ გაცემული მთლიანი სესხების 3.8%-ია.
ცნობისთვის, „კრედიტინფო საქართველოს“ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 984 700 ადამიანს აქვს, ჯამში, კრედიტების მოცულობა კი 77 242 581 731 ლარს შეადგენს.














