არსებობს გადმოცემა, რომ სანამ კარიბჭის სასწაულთმოქმედი ხატი ივერთა სავანეში იმყოფება, ათონის მთა მთელს ქვეყნიერებას მოჰფენს მართლმადიდებლობის წმინდა ნათელს და ჯოჯოხეთის ძალები ვერ მოერევიან მას. მაგრამ დადგება დრო და ხატი გაუჩინარდება ისეთივე იდუმალი გზით, როგორც მოვიდა. მაშინ ბერებმა სასწრაფოდ უნდა დატოვონ წმინდა მთა, როგორც ქრისტიანებმა მიატოვეს იერუსალიმი ტიტუსის დროს. სოფლის აღსასრულისა და უფლის მეორედ მოსვლის ერთ-ერთი ნიშანი სწორედ ეს იქნება.
ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეშია.
ამ სასწაულმოქმედი ხატის მოლოცვის შესაძლებლობა გაქვთ სიონშიც. ივერიის მიწაზე სტუმრად მყოფი ათონელი ბერებისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს თხოვნით მიუმართავს, რათა საქარველოსთვის გადაეღოთ ასლი კარიბჭის ხატიდან. ორიოდ წელიწადში ბერძენმა მამებმა დაასრულეს ასლის შექმნა. ასლის გადაღების შემდეგ, ხატი ორმოცი დღის განმავლობაში მიდებული ჰქონდათ თავადპირველ ხატთან, რათა მისგან მიეღო მადლი და ნიჭი. ხატის კურთხევა შესრულდა ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში: დედა ხატი აკურთხებდა თავის ასლს და უხილავად გადასცემდა ლოცვა-კურთხევას თავისი წილხვედრი ქვეყნისთვის – საქართველოსთვის.
ივერიის ხატი თბილისში ჩამობრძანდა 1989 წლის 9 ოქტომბერს, წმინდა მოციქულისა და მახარებლის იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს. ათეულობით ათასი ადამიანი შეხვდა სიწმინდეს და აეროპორტიდან ფეხით მიაცილა იგი სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრამდე. ეს იყო მართლმადიდებლობის ნამდვილი დღესასწაული ივერიის მიწაზე.
არც ეს უდიდესი მოვლენა „დატოვა“ სასწაულთმოქმედმა ხატმა სასწაულის გარეშე. ასლის საქართველოში ჩამობრძანებისას ის წყარო, რომელიც ათასი წლის წინათ სასწაულებრივად ამოჩქეფდა წმინდა გაბრიელ ქართველის მიერ ზღვიდან ხატის გამოსვენების ადგილას, თითქმის მთლიანად დაშრა. ათონელი ბერების განმარტებით, ხატმა მთელი მადლი საქართველოში წაიღო და წყაროც ამიტომ დაშრაო…
2000 წლის შობის მარხვის მიწურულს კი, თბილისის სიონში დაბრძანებულმა ივერიის ღვთისმშობლის ხატმა, სარწმუნოებაში, კვლავ ახალი სასწაულით განამტკიცა თავისი მორწმუნენი. უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით ივერიის ღვთისმშობლის ხატის მოოქროვილი პერანგით შემოსვა გადაწყდა. როდესაც ივერიის ღვთისმშობლის ხატი ანალოღიიდან გადმოაბრძანეს, მინაზე, რომლის მიღმაც ხატი იმყოფებოდა, ღვთისმშობლის ყრმით გამოსახულება აღმოჩნდა აღბეჭდილი. ანაბეჭდი საკმაოდ მკაფიოდაა გამოსახული.
ხატი ათონის წმინდა მთაზე 999 წლიდანაა დავანებული და მისი სასწაულებრივი ისტორია ყველასთვის ცნობილია.














