ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) 2030 წელს დედამიწის თანამგზავრზე უპილოტო სადესანტო მოდულ „არგონავტის“ (Argonaut) გაგზავნას გეგმავს, რომელიც საჭირო ტექნიკით იქნება აღჭურვილი, რის შემდეგაც მთვარის მისიის პოტენციალი ეტაპობრივად გაიზრდება.
ინფორმაცია Der Spiegel-ს პილოტირებული და რობოტიზებული კოსმოსური ფრენების დირექტორმა, დანიელ ნოიენშვანდერმა გაუზიარა.
„მიზანი მთვარის შესახებ ჩვენი ცოდნის გაღრმავებაა. ჩვენ გვსურს მივაღწიოთ [დედამიწის თანამგზავრის] სამხრეთ პოლუსს“, – განმარტავს ნოიენშვანდერი და დასძენს, რომ ეს ლოკაცია ყურადღებას იმით იპყრობს, რომ იქ არსებული უხვი მზის შუქი გამოსადეგია ენერგიის გენერირებისთვის, თუმცა ჯერ კიდევ შესასწავლია, თუ რა რესურსების მოპოვებაა შესაძლებელი მის გარშემო.
ამასთანავე, ნოიენშვანდერმა აღნიშნა, რომ მთვარეზე დასახული მიზნების მისაღწევად ევროპისთვის მნიშვნელოვანია აშშ-სთან პარტნიორობა. მოსალოდნელია, რომ პილოტირებული ხომალდის, Artemis-4-ის ბორტზე, რომლის ფრენა მთვარეზე 2028 წლისთვის არის დაგეგმილი, 2 გერმანელი აღმოჩნდება.
ამ პროექტში ESA მჭიდროდ თანამშრომლობს NASA-სთან. მაგალითად, ხომალდ „ორიონის“ ბორტზე, მისია Artemis 2-ის ფარგლებში დამონტაჟებული იყო ESA-ს სერვისული მოდული, რომელიც ხომალდს, სხვა საჭიროებებთან ერთად, ჟანგბადით, წყლითა და ელექტროენერგიით ამარაგებდა.
ამავდროულად, NASA-მ უარი თქვა მთვარის ორბიტაზე სადგურ Gateway-ს აშენების გეგმებზე, მაშინ როცა ESA სწორედ ამ პროექტს ეყრდნობოდა.














