სიკვდილს შემთხვევით გადარჩენილი მოზარდი – თბილისში, ექიმმა 3 წლის ბავშვს გლანდების ოპერაციის დროს ორგანიზმში სავარაუდოდ ნემსი ჩაუტოვა – ეს მოზარდის ოჯახის მოსაზრებაა. ფიქრობენ, რომ ეს იყო ქირურგიული ნემსის ფრაგმენტი, რომელიც საყლაპავთან და სასიცოცხლო არტერიასთან ახლოს მდებარეობდა და ინფექციის მუდმივ რისკს ქმნიდა.
მოზარდის დედა საუბრობს სანტიმეტრნახევრიანი კოროზირებული ქირურგიული ნემსის ნაწილზე, რომელიც თურქმა ექიმებმა მის შვილს საყლაპავიდან ამოუღეს. მშობელი დარწმუნებულია, რომ ქირურგიული ინსტრუმენტი ბავშვს 9 წლის წინ, გლანდების ოპერაციის დროს ჩაუტოვეს.
გლანდების ოპერაცია ბავშვს 3 წლის ასაკში ჩაუტარდა. როგორც მშობლები იხსენებენ, ექიმთან მხოლოდ ტონზილექტომიაზე შეთანხმდნენ, თუმცა ჩარევა დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა და ქირურგმა ეს ადენოიდების ამოკვეთის აუცილებლობით ახსნა.
როგორც მშობელი ჰყვება, ოპერაციის შემდეგ ბავშვს ქრონიკული ალერგიული რინიტის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა უცხო სხეული ოპერაციიდან მხოლოდ 9 წლის თავზე, შემთხვევით აღმოაჩინეს, როდესაც სტომატოლოგიურ კლინიკაში ე.წ. ბრეკეტებისთვის მოსამზადებელი პანორამული რენტგენოლოგიური კვლევა ჩაუტარეს.
როგორც დედა ჰყვება, უცხო სხეულის სახიფათო მდებარეობის გამო, ოპერაციის ჩატარება საზღვარგარეთ არჩიეს. მოზარდი თურქეთში წაიყვანეს, მკურნალობის ნაწილი სახელმწიფომ დააფინანსა. ნაწილის ანაზღაურება კი, ოჯახმა იმ ქირურგს მოსთხოვა, ვინც ბავშვს ოპერაცია 9 წლის წინ ჩაუტარა.
ჩვენთან სატელეფონო საუბარში ქირურგმა იგივე გაიმეორა, რომ პაციენტის დედის მონაყოლს დამტკიცება სჭირდება. ექიმი როინ გაბეჩავა ამ ეტაპზე მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებს.
შემთხვევას ახლა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო სწავლობს, რომელმაც ექიმის სავარაუდო გადაცდომა ან უნდა დაადასტუროს ან უარყოს. თუ მედიკოსის შეცდომა დამტკიცდება, მას საქმიანობის ლიცენზიის შეჩერება ემუქრება.














