„გაგდებით თუ გემუქრებიან, მაშინ პროცესზე დასწრების აზრს ვერ ვხედავ. მე აქ თქვენთვის მოვდივარ. ჩვენი მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ჩვენი ოპოზიციაც შეცდომას უშვებს – რეაგირებს პროცესებზე, ნაცვლად იმისა, რომ პროცესების შემქმნელი იყოს. ივანიშვილი უნდა პასუხობდეს მათ და არა პირიქით. ოპოზიციამ უნდა გადოს ხიდი ხალხთან, ჩაეხუტოს და უკან მოიტოვოს ისინი, ვისაც ეს ხალხი ეზიზღება. ჩვენს დროს სახელმწიფო ხალხის გვერდით იდგა, ფასები იყო კონტროლირებადი. წლების განმავლობაში გვატყუებდნენ, რომ ბენზინის ფასი დაიწევდა, მათ კი გააძვირეს, რაც აისახა სხვა პროდუქტებზეც. ჩვენი ამოცანაა, ვაიძულოთ საწვავზე აქციზის განახევრება. დენის ტარიფი გაიზარდა იმიტომ, რომ კორუფციაში ვიხდით. ნოღაიდელი, რომელიც წინა პროცესზე აქ ყელყელაობდა, რუსეთიდან დენის იმპორტში ფულს იპარავს.
გამიხარდება, თუ ოპოზიცია იქნება აქტიური და შემტევი, მაგრამ თვითდამკვიდრება ჩემი დაკნინების ხარჯზე შედეგს არავის მოუტანს. რამდენიც არ უნდა იძახოთ, რომ სააკაშვილი წარსულის პოლიტიკოსია – თქვენ ხომ ხართ მომავლის პოლიტიკოსები. ვინც მე მაკრიტიკებს, მათი 90 პროცენტი ჩემს დროსაც აქტიურად იყო პოლიტიკაში, ზოგი – მთავრობაშიც. როგორ გამოდის, რომ სააკაშვილი წარსულის პოლიტიკოსია და ისინი – მომავლის? არის ხალხი, ვინც მე ფეხზე დავაყენე, ჩავაცვი და იმან გამხადა, მაგრამ უმეტესობა ძალიან კარგი ხალხია. საჭიროა გაერთიანება, ერთობლივი ბრძოლა და პიროვნული ამბიციების გვერდზე გადადება. ბევრმა გადადო თავი, ციხეში მოხვდა, მათ პატივს ვცემ და ეს უნდა გვესმოდეს.
ნოღაიდელს ელექტროგამანაწილებელი კომპანია აქვს და დენის ფასს ზრდის. აქ იმიტომ მოვიდა, რომ ბოლომდე ჩაეხუტა „ქოცებს“. სიმბოლურად სჭირდებათ, დაგვანახონ, რამხელა არსება ყოფილა მათ გვერდით. დღეს ბურჯანაძის მოყვანის შეეშინდათ, ისე „გაუფარჩაკდათ“ ის მოწმე. მინდა, ყველას გავუწოდოთ ხელი, დავუდგეთ გვერდით და ვიყოთ ხალხზე ორიენტირებული. საკუთარი მხრებით უნდა მივაღწიოთ ამ შედეგს. როდესაც ამბობენ, რომ სააკაშვილი ვერ აიღებს „ქოცების“ ხმებს – 2018 და 2021 წლებში ავიღეთ „ქოცების“ ხმები. ეს მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების ხმები არ ყოფილა“, – აღნიშნა სააკაშვილმა.














