როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს ისტორია გმირობის მაგალითებით არის სავსე.
„ჩვენი ერი საუკუნეების განმავლობაში იდგა ბრძოლის წინა ხაზზე არა მხოლოდ საკუთარი მიწისა და რწმენის დასაცავად, არამედ ღირსების, იდენტობისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება თანამედროვე ქართული ჯარის სახით, რომელიც ერთგულად ემსახურება სახელმწიფოს და ხალხს. თუმცა, ჩვენი ძალა მხოლოდ იარაღში არ არის. ჩვენი მთავარი ძალა არის გონივრულ პოლიტიკაში, ერთიანობაში და მშვიდობის შენარჩუნების უნარში. ძლიერი სახელმწიფო იქმნება არა მხოლოდ ძლიერი ჯარით, არამედ სწორი, პასუხისმგებლიანი პოლიტიკით, პოლიტიკით, რომელიც წინასწარ ხედავს საფრთხეებს, ამყარებს პარტნიორობას, აძლიერებს ინსტიტუტებს და ქმნის უსაფრთხო გარემოს თითოეული მოქალაქისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.













