სარჯველაძის თქმით, არც ერთი თანხა არ იქნება დაზოგილი იმ შემთხვევაში, თუ ეჭვქვეშ არ დგას სამკურნალო საშუალების უსაფრთხოება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად გვესმოდეს, რომ, თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, არაფრის დიდებით არ შეიძლება არასწორი ინტერპრეტაციების დაშვება – ვინმესთვის იმედის გადაწურვის ან პირიქით, არასწორი მოლოდინების შექმნის. ჩვენ ვიხილავთ საკითხს, რომელიც განსაკუთრებულ სენსიტიურობასთან ერთად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და აუცილებლად სჭირდება ყოველმხრივი შესწავლა, გაანალიზება. ეს ნიშნავს სერიოზული სამუშაოს ჩატარებას. არასდროს დაგვიხურავს კარი რომელიმე მშობლისთვის, რომელიმე დაინტერესებული პირისთვის, რათა სრულფასოვანი ინფორმაცია მიეღო, რა გაგვიკეთებია ამ დრომდე ამ მიმართულებით და რის გაკეთებას ვაპირებთ. ამიტომ, ბუნებრივია, ძალაში რჩება ეს წინადადება და ვაპირებთ, მომავალშიც გავაგრძელოთ იმ საკითხის შესწავლა, გამოკვლევა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი, სერიოზული და მრავალმხრივია. ამავდროულად, საკითხს სჭირდება სწორად შეფასება. შესწავლა გულისხმობს საკითხის ყოველმხრივ შეფასებას. ამით არის დაკავებული ევროპის არაერთი სახელმწიფო, პრაქტიკულად, ყველა სახელმწიფო, რომლებისთვისაც საკითხი თანაბრად აქტუალურია. ყველას კარგად ესმის, ყველას კარგად მოეხსენება მდგომარეობა, რომელიც ამ კუთხით არსებობს. კიდევ გავიმეოროთ, რაც თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომ არც ერთი თანხა არ იქნება დაზოგილი და არ დაგვახევინებს უკან, როდესაც საუბარი ეხება სამკურნალო საშუალებას, რომლის უსაფრთხოებაც ეჭვქვეშ არ დგას და რეალური ეფექტების მოტანა შეუძლია. საკითხი არის სერიოზული, ეს უნდა განიხილებოდეს, მათ შორის სპეციალისტების ჩართულობით, სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით. ამგვარად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ბუნებრივია, საკითხის განხილვისთვის არ კმარა რომელიმე დეპუტატის მხრიდან მაგალითად, მაისურზე რაღაც წარწერის გაკეთება. საჭიროა სიღრმისეული, მათ შორის მეცნიერული შეფასება და გამოკვლევა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.














