მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ პირადი ცხოვრების დეტალებზე, შემოქმედებით საქმიანობაზე და სოციალურ ქსელში, მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკოსებზე საუბრობს და ამბობს, რომ კნინობითი ფორმითაც წამიკითხავს მისი მისამართით უკმეხი და უტაქტო დამოკიდებულება სოფლელობასთან დაკავშირებით.
– სოფელში გაიზარდე, შემდეგ დედაქალაქში გააგრძელე ცხოვრება, მუშაობა და მღერა. თუმცა, გული ისევ სოფლისკენ გიწევდა. დამოუკიდებლად ააშენე პატარა კოტეჯი და ხშირად დებ ვიდეოებს ამ ულამაზესი ადგილიდან. საიდან გაგიჩნდა იდეა, სოფლად, საკუთარ ეზოში, სახლის გვერდით აგეშენებინა კოტეჯი და იქ გაგეტარებინა დიდი დრო?
– დიახ, ერთ ეზოში დგას ჩემი მშობლების სახლი და ჩემი კოტეჯი. ბევრმა არ იცის ჩემი საქმიანობები, რომელიც სიმღერას არ უკავშირდება, არადა ძალიან საპასუხისმგებლო სამსახურში ვმუშაობ, კერძო სექტორში, რომელიც მოითხოვს ბევრ სამუშაოს, კონცენტრაციას, ბევრ შრომას, წერას და ასე შემდეგ. ამიტომ, მჭირდება სიმშვიდე, ბევრი რამის ანალიზი, სამუშაოდ – ბევრი სივრცე და აქედან გამომდინარე, ადგილი, სადაც მე ჩემთვის უნდა ვიყო. ესეც რომ არა, ისედაც გეგმაში მქონდა ამეშენებინა კოტეჯი, რადგან მე ყოველთვის მიყვარდა და მიყვარს სიწყნარე. მიყვარს სიმშვიდე, ფიქრი, ბევრი ინფორმაციის მიღება, კითხვა, მოსმენა, რასაც ბევრ ადამიანთან და ხმაურში ვერ მოახერხებ.
ბევრ ადამიანს ჰგონია, მთლიანად აქ გადმოვედი, მაგრამ ასე არ არის. კნინობითი ფორმითაც წამიკითხავს ჩემი მისამართით უკმეხი და უტაქტო დამოკიდებულება სოფლელობასთან დაკავშირებით – თავისი ადგილი იცოდეს ყველამ… სიმღერაში ვერაფერი გააკეთა და ისევ იქ წავიდა საიდანაც წამოვიდაო… ვცდილობ, ასეთი არაადეკვატური შეფასებები და კომენტარები არ დარჩეს საჯარო სივრცეში, არ გაიხსნას ლანძღვის პოლიგონი, რადგან ჩემს გვერდს ჰყავს უამრავი გამომწერი.
როცა შენ მიმართ ბევრი ადამიანი დადებითადაა განწყობილი, რთულია, ვისაც პატივს სცემ და გიყვარს, მასზე მსგავს რამეს რომ კითხულობ ან ისმენ. ამას მოჰყვება საპასუხო რეაქცია და იწყება საკმაოდ არასასიამოვნო საუბრები. ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობ, გავცხრილო. ხშირად არის ხოლმე სპეციალურად ჩადებული ინტრიგა, რომელსაც თუ ჩანასახშივე არ უპასუხე და აღმოფხვერი, შეიძლება, უმართვი პროცესები მოჰყვეს, რაც მოჰყვა სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანის მიერ დაწერილ კომენტარს.
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრი ადამიანია მოწოდებული, რაღაც „ყურით მოთრეული“ დაიხვიოს ხელზე და მერე დიდი სიამოვნებითა და ენთუზიაზმით ათრიოს წინ და უკან, მიუხედავად იმისა, შეიძლება, არ იცოდეს ადამიანის პროფესია ან გაკეთებული საქმეები. მე წლებია, ვაკვირდები ქართულ სოციალურ მედიას და არცთუ ისე რთული ამოსაცნობია, როგორი მარტივი ფორმულებით ხდება ადამიანების წინააღმდეგ გაშავების, ლანძღვის ან ჩირქის მოცხების ოპერაცია. ნიშნები ყოველთვის ერთნაირია და მისი ამოცნობა – მარტივი. ამიტომ, როგორც კი ამას ვიგრძნობ, არ ვაქრობ, პირიქით, პასუხს ვცემ, რომ სხვა ადამიანებმაც, ვისაც შეიძლება, თავში მსგავსი რამ მოუვიდეს, იცოდეს არასწორ მისამრთზე მოხვდა.














