• ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი
Adams.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • საზოგადოება
  • ჯანმრთელობა
  • განათლება
  • Face ამბები
  • ტაბლოიდი
  • მსოფლიო
  • კონფლიქტები
  • რელიგია
  • კულტურა
  • სპორტი
  • კულინარია
  • რჩევები
  • ეს საიტერესოა
  • ქალი და მამაკაცი
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
No Result
View All Result
Adam's Media
No Result
View All Result
მთავარი კულტურა

“გაშვება ნიშნავს იმის აღიარებას, რომ არაფერი გვეკუთვნის სამუდამოდ” – თათული ღვინიანიძე

მაისი 13, 2026
ში კულტურა
“გაშვება ნიშნავს იმის აღიარებას, რომ არაფერი გვეკუთვნის სამუდამოდ” – თათული ღვინიანიძე
0
გაზიარება
236
ნახვა
Share on FacebookShare on Twitter

სიმართლე ყოველთვის შვების მომტანია თუ ზოგჯერ ის მომაკვდინებელ იარაღად იქცევა, რომელსაც საყვარელ ადამიანებსაც კი ვუმიზნებთ? თათული ღვინიანიძის ახალი რომანი „ჩემი საბედისწერო ნახევარი“ სწორედ ამ კითხვებზე გვპასუხობს. ტექსტი მკითხველს აიძულებს, უარი თქვას მორალის გამარტივებულ აღქმაზე და ჩაიხედოს იქ, სადაც სიყვარული ეგოს ბრძოლის ველი ხდება. ამ წიგნში ავტორი გვიხსნის, რომ ერთგულება და ღალატი მკაცრად გამიჯნული კატეგორიები სულაც არ არის — ისინი ხშირად ერთმანეთში ირევა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქმედების უკან „კეთილი განზრახვა“ დგას. „ადამს მედიისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში თათული ღვინიანიძე პირველად აშიშვლებს თავისი ახალი პერსონაჟების ფსიქოლოგიურ დილემებს — თებეასა და ლევის საბედისწერო კავშირიდან დაწყებული, სამშობლოს ღალატის კოლექტიურ ტრაგედიამდე.

-თათული, თქვენს ახალ რომანში ამბობთ, რომ ხშირად „ერთგულების სახელით“ ვმოქმედებთ, მაგრამ მაინც ვღალატობთ. გამოდის, რომ ეთიკა არ არის აბსოლუტური — რაც ერთი ადამიანისთვის უმაღლესი ერთგულებაა, მეორისთვის შეიძლება ღალატი აღმოჩნდეს? სად გადის ზღვარი ობიექტურ და სუბიექტურ კეთილგანზრახვას შორის?

-პასუხი მარტივია — შეუთავსებლობა განზრახვასა და აქტს შორის, სწორედ ამას ამბობს „ჩემი საბედისწერო ნახევარიც“. როცა ვამბობთ: „მე ეს შენივე სიკეთისთვის გავაკეთე“, მაგრამ ადამიანს ვაყენებთ ტკივილს და იმედს ვუცრუებთ, ეს დაღალატებაა. ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ სიყვარული და ერთგულება არ გვაძლევს უფლებას, სხვის ნაცვლად მივიღოთ გადაწყვეტილებები. მაგალითად, როცა ჩვენ ვთვლით, რომ სხვისი გადარჩენის გზა უკეთ ვიცით, ვიდრე თავად იმ ადამიანმა, ჩვენ ვღალატობთ მის თავისუფალ ნებას. შენ შეიძლება გულში „ერთგული“ ხარ, მაგრამ თუ შენი ქმედება მეორე ადამიანს აზიანებს, მის შინაგან სამყაროს ანგრევს, რეალობისთვის შენ მოღალატე ხარ…. და, რაც მთავარია, მოღალატე ხარ პირადად მისთვის. საბოლოო ჯამში, რეალობის მატრიცა არ კითხულობს შენს მოტივებს, ის ზომავს შენს ნამოქმედარს. ნამდვილი ერთგულება, ჩემი აზრით, არის დისტანციის პატივისცემა — იმის აღიარება, რომ მეორე ადამიანი თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ შეცდომებზეც კი. ჩემს რომანში ეს ზღვარი მუდმივად ირღვევა, რითაც მკითხველს საფიქრელ სივრცეს უტოვებს.

-თქვენი პერსონაჟები კამათობენ იმაზე, შლის თუ არა ღალატი მანამდე არსებულ ყველა „სწორ ნაბიჯს’“. რატომ გვაქვს ადამიანებს მიდრეკილება იმისკენ, რომ დასასრულის სიმწარით მთელი წარსული გავაუფასუროთ?

-ჩვენი ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ დასასრული განსაზღვრავს შთაბეჭდილებას. როცა წიგნს კითხულობ და ბოლო გვერდი შენს მოლოდინს ვერ ამართლებს, გრძნობ, რომ მთელი კითხვის პროცესი ფუჭი იყო. ურთიერთობებშიც ასეა — ღალატი აღქმულია, როგორც შხამი, რომელიც ყველა მოგონებას წამლავს. თუმცა, ჩემი პერსონაჟი (გაგი გაბაიძე, იგივე გაბო) ამბობს მნიშვნელოვან რამეს: ღალატი არ აუქმებს იმას, რაც მასზე ადრე მოხდა. თუ ადამიანმა ხუთი წლის განმავლობაში გიერთგულა, უყვარდი და შენთან ერთად აშენა, მეექვსე წელს ჩადენილი შეცდომა წარსულს არ უნდა უსვამდეს წითელ ხაზს. პრობლემა ისაა, რომ ღალატი ცვლის ჩვენს ხედვას — ჩვენ ვიწყებთ ეჭვის შეტანას, იყო თუ არა მაშინდელი სიკეთე, კეთილგანწყობა და სიყვარული გულწრფელი. ყველანი ვუშვებთ შეცდომებს, მაგრამ თუ მხოლოდ ამ შეცდომით განვსაზღვრავთ ადამიანს, მაშინ საკუთარ თავსაც ვართმევთ იმ პოზიტიურ ისტორიას, რომელიც მასთან ერთად გამოვიარეთ.

-სიუჟეტის განთვიარებასთან ერთად, თებეა ღალატის მრავალ სახეს აწყდება, თუმცა მათ შორის, სამშობლოს ღალატს ყველაზე საძაგელ და მიუტევებელ აქტად მიიჩნევს. რატომ არის კოლექტიური ერთგულების დარღვევა უფრო მძიმე დანაშაული, ვიდრე საკუთარი თავის ან საყვარელი ადამიანების დაღალატება — ინდივიდუალური მორალი ყოველთვის მეორეხარისხოვანია საერთო, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის წინაშე?

-როცა ღალატის იერარქიაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა სხვა სახის ღალატი — იქნება ეს მეგობრის, შეყვარებულის, ოჯახის თუ საკუთარი ოცნებების — მეტწილად ლოკალურია. ის ანგრევს ერთ ან რამდენიმე ბედისწერას. სამშობლოს ღალატისას კი ყველასა და ყველაფერს საფრთხის წინაშე აყენებ. ეს არის იმ ფუნდამენტის გამოცლა, რომელზეც დგას შენი ოჯახიც, შენი მეგობრებიც, შენი შვილების მომავალიც, მთელი შენი ერიცა და კულტურაც. შენი სამშობლოსა და ხალხის წინაშე შენ გაკისრია უხილავი მორალური ვალდებულება — ეს ვალდებულება, თუნდაც არ აღიარებდე მას, ფაქტობრივად, გენეტიკურად გადმოგეცემა. საკუთარი თავის ღალატი ტრაგედიაა, მაგრამ ის შენი პირადი ჯოჯოხეთია. სამშობლოს ღალატი კი სხვების ჯოჯოხეთში ჩაყრას ნიშნავს, საკუთარი გადარჩენის ან კეთილდღეობის სანაცვლოდ. არსებობს ღირებულებები, რომლებიც უფრო დიდია, ვიდრე ერთი კონკრეტული ადამიანის სიცოცხლე ან კომფორტი.

-რომანის მიხედვით, არის თუ არა „ტყუპი ალების“ ანუ საბედისწერო ნახევრების ქაოტური დინამიკა — ომისა და მშვიდობის, ღალატისა და ერთგულების, სიკვდილისა და სიცოცხლის მონაცვლეობა — სულის განვითარების ერთადერთი გზა?

-ეზოთერიკული თავლსაზრისით (რასაც მიუყვება მთელი რომანიც) „ტყუპი ალების“ გზა იმიტომაა ასეთი მტანჯველი და ინტენსიური, რომ ის გაიძულებს საკუთარი თავის დანახვას მრავალ განზომილებაში. ლევი თებეასთვის სიბნელეცაა და სინათლეც; ისევე, როგორც პირიქით, თებეა ლევისთვის. ეს დუალიზმი — როცა ერთი და იგივე ადამიანი კეთილშობილიცაა და სასტიკიც — ადამიანის ფსიქიკას ანადგურებს, რადგან ჩვენს გონებას სჭირდება სტაბილურობა და ქცევისა თუ შეფასების შაბლონები. ეს „ემოციების საქანელა“, რომელზეც პერსონაჟები სხედან, არის გზა სრული გამოფიტვისკენ. მსგავს ურთიერთობაში ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველანი ვყოფილვართ. ჩემი პოზიცია ასეთია: ტყუპი ალების დინამიკა სულის განვითარებისთვის კატალიზატორია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენ ამ „ემოციური საქანელიდან“ ჩამოსვლას შეძლებ. თუ მასზე სამუდამოდ დარჩები, ეს აღარ არის განვითარება — ეს არის ტრიალი ტრავმაში.

–თქვენ წერთ, რომ სამყარო გვაცლის ხელიდან სწორედ იმას, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს, რათა „გაშვების ხელოვნება“ გვასწავლოს. რამდენად სამართლიანია ეს გაკვეთილი? ნუთუ სულიერი ზრდის ერთადერთი გზა იმის დაკარგვაზე გადის, რაშიც მთელი მონდომება და სიყვარული ჩავაქსოვეთ?

-პარადოქსია, მაგრამ რაც უფრო ძლიერად ვებღაუჭებით რაღაცას — იქნება ეს ნივთი, სტატუსი თუ ადამიანი — მით უფრო სწრაფად ვკარგავთ მას. სამყარო, რომელიც თავისი არსით მოძრაობა და დინამიკაა, ვერ იტანს სტატიკურობას და „გაშეშებულ“ მიჯაჭვულობას. ხშირად ჩვენ გვეშლება სიყვარული და ფლობის სურვილი (ამისი კარგი მაგალითია არჩილი და თებეა). როცა ვამბობთ, რომ რაღაც „უზომოდ ძვირფასია“, ხშირად ამაში საკუთარ ეგოს ვგულისხმობთ, რომელიც ამ ობიექტის გარეშე თავს დაუცველად გრძნობს (აქ უკვე ლევისა და თებეაზე შეიძლება საუბარი). გაშვება ნიშნავს იმის აღიარებას, რომ არაფერი გვეკუთვნის სამუდამოდ, გარდა საკუთარი გამოცდილებისა. როცა რაღაც „ხელიდან გვეცლება“, ჩვენს ცხოვრებაში ჩნდება სიცარიელე. ეს სიცარიელე თავიდან კი მტკივნეულია, მაგრამ სწორედ მასში აღწევს სიახლე. გაშვება არ ნიშნავს გულგრილობას. პირიქით, ეს არის უმაღლესი ნდობა სამყაროს მიმართ. შენი შინაგანი შუქი სწორედ მაშინ ხდება ხელშეუხებელი, როცა ის აღარ არის დამოკიდებული გარეგან დასაყრდენზე. თუ შენი ბედნიერება მხოლოდ იმაშია, რაც შეიძლება „გაგიფუჭდეს“ ან „დაგეკარგოს“, მაშინ შენ მუდმივ შიშში ცხოვრობ. ჩემს რომანებში პერსონაჟები სწორედ ამ მტკივნეულ გზას გადიან — საკუთარი ილუზიებისა და ეგოს ნგრევას. „სამყარო დაუნდობელია, მაგრამ სამართლიანი: ის გვართმევს იმას, რაც გვაფერხებს, რომ მოგვცეს ის, რაც გაგვზრდის“ – მკითხველმა აუცილებლად უნდა გამოიტანოს ეს დასკვნა, როცა წიგნს დახურავს.

-„ვინ თქვა, რომ სიმართლე ყოველთვის პანაცეაა?” – კითხულობს რომანის პროტაგონისტი. ჩვენ მიჩვეულნი ვართ სიმართლის გაიდეალებას… მაგრამ თქვენი პერსონაჟები ხშირად აწყდებიან სიმართლეს, რომელიც არათუ კურნავს, არამედ საბოლოოდ ანადგურებს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ არსებობს მომენტები, როცა ტყუილი, ილუზია ან თუნდაც „მოჩვენებითი შვება“ უფრო ჰუმანურია, ვიდრე შიშველი, სასტიკი სიმართლე?

-სიმართლე ჩემთვის არ არის აბსოლუტური სიკეთე — ის არის ინსტრუმენტი, რომელიც არასწორ დროს და არასწორ ხელში შეიძლება მომაკვდინებელ იარაღად იქცეს. პანაცეა ნიშნავს წამალს, რომელიც ყველაფერს კურნავს, მაგრამ სიმართლე ხშირად არაფერს კურნავს, ის მხოლოდ ამხელს. არსებობს სიმართლე, რომელიც ანგრევს ადამიანის ფსიქიკას, მის რწმენას და აზრს უკარგავს მის არსებობას.  ზოგჯერ ადამიანს სჭირდება ილუზია, რათა გადარჩეს. ემიგრანტი დედა, რომელიც შვილებს ატყუებს, რომ „კარგად არის“, ან ცოლი, რომელიც თვალს ხუჭავს ღალატზე, რათა ოჯახი შეინარჩუნოს (ეს უფრო მეორე რომანს მიემართება — „ერთი კვირა ერთ ოთახში) — ეს მათი თავდაცვის მექანიზმია. სიმართლის ძალით თავსმოხვევა ხშირად სისასტიკეა და არა კეთილშობილება. სიმართლე მხოლოდ მაშინ არის პანაცეა, როცა მას აღმშენებლობითი ძალა აქვს — როცა ნგრევის შემდეგ ახალი სიცოცხლის შანსს გაძლევს. სიმართლე არის პასუხისმგებლობა. მისი თქმა მხოლოდ მაშინ ღირს, როცა იცი, რომ ადამიანი ამ სიმართლის გადახარშვას შეძლებს. სხვა შემთხვევაში, ეს მხოლოდ ეგოიზმია — სურვილი, შენი „სიმართლის ტვირთი“ სხვას გადააბარო და ამით შვება განიცადო.

-თათული, როგორ გგონიათ, „ჩემი საბედისწერო ნახევრის” წაკითხვის შემდეგ, რა შეიცვლება მკითხველში?

-ამის წინასწარმეტყველება საკმაოდ რთულია… მკითხველი, დიდი ალბათობით, დაიწყებს საკუთარი ქმედებების მოტივებისა და შედეგების გამიჯვნას — გააცნობიერებს, რომ კეთილი განზრახვა ავტომატურად არ ნიშნავს სწორ ქმედებას. ერთ-ერთი მთავარი შინაგანი გარდატეხა სწორედ აქ ხდება: პასუხისმგებლობის აღება არა იმაზე, რას ვგრძნობთ, არამედ იმაზე, რას ვაკეთებთ და რა ზეგავლენას ახდენს ეს სხვაზე. ამასთან ერთად, მკითხველი, წესით, დაინახავს, როგორ შეიძლება სიყვარული გადაიქცეს კონტროლის, ტირანიისა და თვითდესტრუქციის ფორმად, თუ პარტნიორის, ოჯახის წევრის ან მეგობრის პირად საზღვრებს პატივს არ ვცემთ სიყვარულის გაცემისას, მზრუნველობისას. ვფიქრობ, რომანი აიძულებს მკითხველს გადახედოს საკუთარ დამოკიდებულებას წარსულის მიმართაც — გააცნობიეროს, რომ მტკივნეული დასასრული არ აუფასურებს მთელ განვლილ გზას, თუმცაღა უცილობლად ცვლის მის აღქმას. ეს შესაძლოა შინაგან დისკომფორტს იწვევდეს, მაგრამ ამავდროულად ტკივილით მოტანილი ნიჰილიზმისგანაც ათავისუფლებს ადამიანს. საბოლოოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც ამ ტექსტმა შეიძლება გამოიწვიოს, არის შინაგანი თავისუფლების ახალი გაგება: მკითხველი მიხვდება, რომ თავისუფლება არ ნიშნავს მხოლოდ არჩევანის შესაძლებლობას — ის ნიშნავს სხვისი არჩევანის პატივისცემასაც, მაშინაც კი, როცა ეს არჩევანი ჩვენთვის მიუღებელი ან გაუგებარია.

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

  • პოპულარული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

რატომ უნდა წაიკითხოთ 93-ე და 36-ე ფსალმუნი – რას ამბობს წმინდა პაისი

აპრილი 3, 2026
აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აღსარების თქმისას პირველ რიგში ორი ცოდვა უნდა შევინანოთ… – მოძღვარი მრევლს მიმართავს

აპრილი 3, 2026
“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“19 წლის ვიყავი… უცებ, მოდის ჩემთან ქრისტე და მეუბნება…“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

აპრილი 19, 2026
მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

მამა გაბრიელის კელიაში მომხდარი სასწაული – რას ჰყვება მისი სულიერი შვილი

აპრილი 3, 2026
Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

Givemesport-მა მსოფლიოს საუკეთესო დრიბლიორები დაასახელა – რომელ ადგილს იკავებს კვარაცხელია?

0
ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

ჟერარ დეპარდიეს სექსუალური შევიწროების საქმეზე 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა

0
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმე განიხილა

0
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

0
28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

მაისი 19, 2026
ლოცვა, რომელიც სასწაულმოქმედი ხატის „სამი სიხარულის“ წინაშე უნდა წაიკითხოთ

ლოცვა, რომელიც სასწაულმოქმედი ხატის „სამი სიხარულის“ წინაშე უნდა წაიკითხოთ

მაისი 18, 2026
რას აქცევენ ქალები კაცის გარეგნობაში ყველაზე მეტად ყურადღებას

რას აქცევენ ქალები კაცის გარეგნობაში ყველაზე მეტად ყურადღებას

მაისი 18, 2026
ბრინჯის ხვეულები სოსისით – დღის რეცეპტი

ბრინჯის ხვეულები სოსისით – დღის რეცეპტი

მაისი 18, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • ბიზნეს მიმართულებები
  • კონტაქტი

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია

No Result
View All Result

© 2025 Adam's Media - ყველა უფლება დაცულია