უკვე მეორე დღეა, ქვეყნის ყველა მსხვილ სავაჭრო ქსელში სპეციალური სტენდები გამოჩნდა, სადაც მომხმარებელს 15 სახეობის პროდუქტის შეძენა შეღავათიან ფასად შეუძლია. საუბარია პირველადი მოხმარების პროდუქტების ე.წ. სოციალურ კალათაზე.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ფასების კლება პროდუქტებზე ტარიფების კომპლექსური შესწავლისა და ბაზრის ანალიზის შედეგია და ის დროებითი კომისიის რეკომენდაციას ეფუძნება.
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა, რომ სამომხმარებლო კალათის ინიციატივა, ევროპული მოდელების საფუძველზე შეიქმნა და ბაზარზე მსუბუქ ინტერვენციას ითვალისწინებს.
“მოკლე ვადიან პერიოდში რეკომენდაცია, რომელიც ჩვენ გავეცით, იყო ბერძნული და ფრანგული მოდელის საფუძველზე. ეს ეხება მსუბუქ ინტერვენციას ბაზარზე, რომელიც ითვალისწინებს საბაზისო პროდუქტების საოჯახო კალათის შექმნას და ჩვენ მივესალმებით ქსელების ინიციატივას, მათ გაითვალისწინეს აღნიშნული ინიციატივა და შეიქმნა კალათა, რომელშიც დაახლოებით 15 კატეგორიის პროდუქტი შედის. აღნიშნულ პროდუქტებზე ჩვენ მომხმარებელს ყოველდღიურად ექნება საუკეთესო ფასი“, – აცხადებს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი.













