სპეციალისტების განმარტებით, კანის სტრუქტურული ცვლილებები დაახლოებით 25 წლის ასაკიდან აქტიურდება.
ამ ასაკიდან ორგანიზმში თანდათან მცირდება კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავება – ეს ის ცილებია, რომლებიც კანს სიმკვრივეს, ელასტიკურობასა და ახალგაზრდულ იერს უნარჩუნებს. კვლევების მიხედვით, 20-იანი წლების შუა პერიოდიდან კოლაგენის რაოდენობა ყოველწლიურად დაახლოებით 1%-ით იკლებს.
ამერიკის დერმატოლოგიის აკადემიის (AAD) ინფორმაციით, კანის დაბერებაზე გავლენას ახდენს როგორც ბუნებრივი ბიოლოგიური პროცესი, ასევე გარე ფაქტორები – მზის ულტრაიისფერი სხივები, მოწევა, სტრესი, არასაკმარისი ძილი და არასწორი კვება.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კანის დაბერების პირველი ნიშნები შესაძლოა თავდაპირველად უმნიშვნელო იყოს – სიმშრალე, ტონუსის შემცირება, წვრილი ხაზები და კანის ფერის ცვლილება.
დერმატოლოგები პრევენციისთვის ყოველდღიურად SPF-ის გამოყენებას, ანტიოქსიდანტებით მდიდარ კვებას, სრულფასოვან ძილსა და კანის რეგულარულ მოვლას რეკომენდაციას უწევენ.













