„საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციამ“ ჯარიმების შემცირების მიზნით, საკანონმდებლო წინადადება მოამზადა და პარლამენტს უკვე წარუდგინა.
ასოციაცია მიიჩნევს, რომ 2026 წლის 1-ელი მაისიდან ამოქმედებული რიგი ჯარიმები ცალკეულ შემთხვევებში არ შეესაბამება სამართალდარღვევის სიმძიმეს.
დოკუმენტის თანახმად, ასოციაცია გამოდის ინიციატივით, რომ რიგ დარღვევებზე ჯარიმები 40-75%-ით შემცირდეს. უფრო კონკრეტულად, ასოციაციის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება გულისხმობს:
- 15-40 კმ/სთ-ით დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის 100 ლარიდან 60 ლარამდე შემცირებას;
- სატრანსპორტო საშუალების მართვისას მობილური ტელეფონით სარგებლობისთვის გათვალისწინებული ჯარიმის 50 ლარიდან 30 ლარამდე შემცირებას;
- სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის, თუ ქმედებას არ მოჰყოლია საავარიო ვითარების შექმნა ან საგზაო მოძრაობის მონაწილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რეალური საფრთხის წარმოშობა, ჯარიმის 100 ლარიდან 50 ლარამდე შემცირებას, ხოლო მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 20-ის ნაცვლად 10 ქულით შემცირებას;
- ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის გათვალისწინებული ჯარიმის 50 ლარიდან 30 ლარამდე შემცირებას, ხოლო მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების შემცირებას 10-ს ნაცვლად 5 ქულით;
- ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში ან საქართველოს რომელიმე კურორტზე დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმის 50 ლარიდან 20 ლარამდე შემცირებას;
- ამკრძალავი საგზაო ნიშნის – „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“ – მოთხოვნების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმის 200 ლარიდან 50 ლარამდე შემცირებას. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში სანქციის 100 ლარის ოდენობით განსაზღვრას და სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის შესაძლებლობის შენარჩუნებას.
- BUS LANE-ზე მოძრაობისთვის გათვალისწინებული დამატებითი სანქციის – მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების შემცირებას 15-ის ნაცვლად 5 ქულით, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში 30-ის ნაცვლად 10 ქულის დაკლებას;
- თბილისში N2 და N3 კატეგორიის სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის, როდესაც გადაზიდვის დანიშნულების ადგილი თბილისი არ არის, გათვალისწინებული 500-ლარიანი ჯარიმის 250 ლარამდე შემცირებას.
გარდა ამისა, ასოციაცია გამოდის ინიციატივით, რომ რიგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის გაფრთხილების მექანიზმი დაინერგოს. კერძოდ, მათ მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებაში, განსაზღვრულია დარღვევები, რაზეც პირველ ეტაპზე პასუხისმგებლობის სახით გაფრთხილება უნდა იქნას გამოყენებული, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში უკვე ფულადი სანქცია უნდა დაწესდეს. კერძოდ:
- დგომა-გაჩერების წესების დარღვევა – 1-ელ შემთხვევაში გაფრთხილება, 12 თვის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 20 ლარის ოდენობით;
- უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა – 1-ელ შემთხვევაში გაფრთხილება, 12 თვის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში 30 ლარიანი ჯარიმა;
- მობილური ტელეფონით სარგებლობა – 1-ელ შემთხვევაში გაფრთხილება, 12 თვის განმავლობაში დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმის დაწესება 30 ლარის ოდენობით;
- სახანძრო ჰიდრანტთან გაჩერება – 1-ელ შემთხვევაში გაფრთხილება, 12 თვის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში კი 50 ლარის ოდენობის ჯარიმის შემოღება;
- BUS LANE-ზე მოძრაობა (ვიდეოფიქსაციის შემთხვევაში) – 1-ელ შემთხვევაში გაფრთხილება, 12 თვის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში კი მოქმედი ჯარიმა.













