სპეციალისტების გაფრთხილებით, თუ ადამიანს ფარული ალერგია აქვს, ერთი შეხედვით უწყინარი ჭიანჭველას ნაკბენმაც კი შეიძლება მძიმე ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გახდეს საჭირო.
როგორც ეკოლოგები განმარტავენ, მთავარი საფრთხე თავად ნაკბენი ან ტკივილი არ არის, არამედ ორგანიზმის არაპროგნოზირებადი იმუნური რეაქცია.
თუ ნაკბენის შემდეგ მხოლოდ თითი ან კონკრეტული ადგილი შეშუპდა, ეს, როგორც წესი, ლოკალური რეაქციაა. თუმცა მდგომარეობა საგანგაშოა, როდესაც სიმპტომები მთელ ორგანიზმზე ვრცელდება და ჩნდება:
ჭინჭრის ციება სხეულის სხვადასხვა ნაწილზე;
გულისრევა;
ძლიერი სისუსტე;
ტუჩების ან სახის შეშუპება;
სუნთქვის გაძნელება;
ხმის ჩახლეჩა;
თავბრუსხვევა.
სპეციალისტების თქმით, ეს შეიძლება ანაფილაქსიის ნიშნები იყოს — სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, რომელსაც არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა, სასუნთქი გზების შეშუპება და ზოგჯერ გონების დაკარგვაც ახლავს.
განსაკუთრებით საშიშად მიიჩნევა ე.წ. ცეცხლოვანი ჭიანჭველები (Solenopsis), რომლებიც კანს ეჭიდებიან და რამდენჯერმე კბენენ, თუმცა ალერგიული რეაქცია სხვა სახეობის ჭიანჭველას ნაკბენმაც შეიძლება გამოიწვიოს.
ექიმები აღნიშნავენ, რომ მძიმე ალერგიული რეაქციის დროს ანტიჰისტამინური პრეპარატები საკმარისი არ არის და ადრენალინის შემცვლელად არ უნდა ჩაითვალოს.
ნაკბენის შემთხვევაში რეკომენდებულია:
დაუყოვნებლივ მოშორდეთ ჭიანჭველებს;
ფრთხილად მოიშოროთ ისინი კანიდან;
დაზიანებული ადგილი საპნითა და წყლით დაიბანოთ;
10-20 წუთის განმავლობაში ცივი კომპრესი დაიდოთ;
არ გახეთქოთ წარმოქმნილი ბუშტუკები.
თუ ადამიანს აღენიშნება სახის შეშუპება, ხიხინი, მეტყველების გაძნელება, თავბრუსხვევა ან სუნთქვის პრობლემები, დაუყოვნებლივ უნდა დარეკოთ 112-ში.
სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაზარალებული სასურველია ზურგზე დააწვინოთ, ფეხები ოდნავ აუწიოთ და სითხე არ მისცეთ, რათა გართულებების რისკი შემცირდეს.
სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ მძიმე ალერგიული რეაქცია ზოგჯერ ნაკბენიდან რამდენიმე საათის შემდეგაც შეიძლება განვითარდეს, ამიტომ საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში დროული რეაგირება გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.













