საქართველოში საქმიანობას ოფიციალურად იწყებს საქველმოქმედო ფონდი „სანამ დროა“, რომლის მიზანია იმ ადამიანების დახმარება და მხარდაჭერა, რომლებიც სხვადასხვა სოციალური, სამედიცინო თუ სხვა სახის გამოწვევების წინაშე დგანან.
ფონდი დაფუძნებულია შპს „ადამს ჰოლდინგის“ მიერ და მისი საქმიანობა მიმართული იქნება როგორც ინდივიდუალური ბენეფიციარების მხარდაჭერისკენ, ასევე სხვადასხვა სოციალური და საქველმოქმედო პროექტების განხორციელებისკენ.
ფონდის წარმომადგენლების განცხადებით, ორგანიზაციის მთავარი ამოცანაა დროული დახმარების მექანიზმის შექმნა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეებს, საზოგადოების მხარდაჭერით მიიღონ საჭირო დახმარება კრიტიკულ და მნიშვნელოვან მომენტებში.
„სანამ დროა“ განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს სამედიცინო დახმარების, კვლევების, რეაბილიტაციის, სოციალური მხარდაჭერისა და სხვა ჰუმანიტარული მიმართულებების დაფინანსებას. ფონდი საქმიანობას გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და საზოგადოებრივი ნდობის პრინციპებზე დაყრდნობით განახორციელებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ფონდის პროგრამები, ბენეფიციართა მიღების წესები და საქველმოქმედო კამპანიების განხორციელების მექანიზმები.
საქველმოქმედო ფონდი „სანამ დროა“ საქმიანობას დღეიდან ოფიციალურად იწყებს. ✊️













